რესტორანი „ზალა“ გასული საუკუნის 50-60-იანი წლების ზალის კონცეფციის გაგრძელება გახლავთ, რაც მის მთავარ განმასხვავებელ ნიშას წარმოადგენს. რესტორანი განთავსებულია იტალიურ ეზოში და აქ მოსული თითოეული ადამიანი განსაკუთრებულ სიმყუდროვეს გრძნობს, რაც გამოიხატება იმაში, რომ თავი ბებიასთან, ვერაზე მისული სტუმარი ჰგონია. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა „ზალას“ გენერალურ მენეჯერ ზურა ბაქრაძეს.
„ზალას“ ისტორია ერთი ოთახიდან იწყება. გვესაუბრეთ მისი გაფართოების შესახებ.
„ზალა“ ფუნქციონირებს 2017 წლიდან, თუმცა მაშინ საკმაოდ მცირე ზომის რესტორანი იყო. 2019 წლიდან უკვე მე და ჩემმა მეუღლემ შევიძინეთ. ამდენად, გავაფართოვეთ სარესტორნო სივრცე და დავამატეთ მარანი. „ზალას“ დღეს აქვს 7-8 მაგიდაზე გათვლილი ეზო. დღეს უკვე ჩვენ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ 110 პერსონას და ვფიქრობთ, ეს არის მაქსიმუმი, რადგან ჩვენი მიზანია „ზალა“ იყოს მშვიდი, სალონური ტიპის საოჯახო რესტორანი, სადაც თითოეული სტუმარი − ადგილობრივი თუ ტურისტი, განსაკუთრებულად ძვირფასია.
რას ნიშნავს მარანი ვერაზე?
ჩვენი მარანი სრულიად შემთხვევით გაკეთდა. სარემონტო სამუშაოებისას აღმოვაჩინეთ უძველესი თაღები და ისეთი ელემენტები, რომლებიც წარსულში იქ არსებულ მარანზე მიუთითებდა. უპირველეს ყოვლისა, დიდი ფუფუნებაა, რომ ვერაზე რესტორანს აქვს სარესტორნო სივრცე, ღია ტერასა და მარანი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ მარნისთვის დაგვებრუნებინა თავისი ფუნქცია. რა თქმა უნდა, ჩვენ, ჯერჯერობით, ღვინოს არ ვწურავთ, თუმცა ვცდილობთ, მცირე მეღვინეებს, რომლებიც ძალიან ხარისხიან ღვინოს აყენებენ საქართველოში, მივცეთ არეალი იმისთვის, რომ წარადგინონ თავიანთი პროდუქცია. ჩვენი კონცეფციაც ეს არის, რომ ჩვენთან ხვდებით მცირე მეწარმეების ღვინის დასახელებებს. ჩვენთან მხოლოდ მცირე მეწარმეების ღვინის სახეობები და ლიმიტირებული ღვინის დასახელებებია, რაც ჩვენს რესტორანს გამოარჩევს და მოსწონს მომხმარებელს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არის საუკუნოვანი მარანი, სადაც ვგეგმავთ მოვაწყოთ სივრცე სადეგუსტაციოდ, სხვადასხვა მასტერკლასისთვის და 25 ადამიანზე გათვლილი მცირე კონფერენციებისთვის, რისთვისაც სრულად აღჭურვილი იქნება. ვინაიდან პანდემიამ გამოიწვია მომხმარებლის გარკვეული ცვლილებები, რესტორანმა „ზალამ“ გარკვეულწილად დაამატა სხვადასხვა სერვისი. კერძოდ, იგი იხსნება დილის რვა საათზე. შესაბამისად, დაემატა საუზმე, რაც დიდი მოწონებით სარგებლობს ფართო საზოგადოებაში. რაც შეეხება ჩვენს მიმდინარე პროექტს, „ზალა“ გეგმავს, შექმნას თავისი ადგილზე მიტანის სერვისი, რომელსაც „ზალა ფოსტალიონი“ ერქმევა, რის ინსპირაციასაც ფილმები − „ვერის უბნის მელოდიები“ და „დღე უკანასკნელი დღე პირველი“ წარმოადგენს.
როგორ ახერხებთ, ამგვარი სიმყუდროვე შესძინოთ რესტორნის გარე სივრცეს?
ვინაიდან ჩვენი კონცეფციაა ძველი ვერის უბნის ზალა და ძველი ვერის უბანი, გვინდოდა გვქონოდა ისეთივე მორთული ეზო, როგორიც შიდა სივრცეა და ძირითადი აქცენტები გამახვილებულიყო მხატვრობაზე. ამიტომ ვეცადეთ, აქ შემოსული ადამიანისთვის შეგვექმნა ისეთი სივრცე, რომ ჩვენს პატარა ეზოში თავი იტალიაში ეგრძნოთ, რასაც საზოგადოებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ ბექა დვალმა მოხატა ჩვენი გარე სივრცის სკამები, კედლები, და შექმნა ის საოცარი ფერთა გამა, რომელიც ჩვენთან მოსულ სტუმრებს დახვდებათ.
თქვენს რესტორანს აგრეთვე გამოარჩევს ულამაზესი ბარი. ამასთან დაკავშირებითაც გვესაუბრეთ.
ბარის იდეა, ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენის, მთლიანად ეკუთვნის თინათინ მაღალაშვილს. ჩვენ გვინდოდა რესტორანი ყოფილიყო განსხვავებული. ვინაიდან ძველი ვერის უბნის სახლში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ბიბლიოთეკა იყო, თინათინმა გადაწყვიტა, ბიბლიოთეკა სწორედ ბარის ფასადზე მოეწყო. მან შეარჩია თითოეული წიგნი და ორნამენტი, რათა წიგნებიდან გამომდინარე შეექმნა ფერთა გამა. დაახლოებით ორი კვირა საკუთარი ხელით ქმნიდა თითოეულ დეტალს და საბოლოოდ, გამოუვიდა ასეთი დახვეწილი და განსხვავებული ბარი.
თინათინ მაღალაშვილს ყველა იცნობს, როგორც მოდის დიზაინერს. ინტერიერთან პირველად თქვენთან ჰქონდა მას შეხება?
უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი და თინათინის მეგობრობა ათწლეულებს ითვლის. 2015 წლიდან სხვადასხვა რესტორანში, სადაც მიწევდა მუშაობა, რჩევებისთვის სწორედ თინათინს ვაკითხავდი და ამგვარად, ნელ-ნელა დავაინტერესე ინტერიერის დიზაინით. იგი აღნიშნავს კიდეც, რომ ჩემი დამსახურებაა მისი ამ მიმართულებით დაინტერესება.
ის არასტანდარტული დიზაინერია, რაც ეტყობა რესტორანსაც. გვესაუბრეთ ამასთან დაკავშირებით.
რესტორანზე მუშაობის პროცესში, თინათინი შეხედავდა გარკვეულ მონაკვეთს და საკუთარი ხელით აკეთებდა ნახაზებს. ჩვენი რესტორნის 90%-იც, განსაკუთრებით დარბაზების სივრცეები, თინათინის შექმნილია. იგი არა მარტო საკუთარი ხელით ხატავდა, არამედ მასალასაც თვითონ არჩევდა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ყოველივე ამას თინათინი მეგობრულად აკეთებდა.
სტუმრებს ცოცხალ მუსიკასაც სთავაზობთ. რესტორნის რა ნაწილში შეუძლია მომხმარებელს მისი მოსმენა?
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს, რესტორნის შიდა სივრცეში შესაძლებელია პიანისტ თამილა ჩირაძის მიერ ფორტეპიანოზე შესრულებული მუსიკის მოსმენა. ჩვენი კონცეფციიდან გამომდინარე, ძირითადად სრულდება ძველი კინომუსიკა ჯაზური ინტერპრეტაციით, რაც ძალიან უხდება აქაურობას. სწორედ მისი ბოლო აკორდია ის, რაც მე და თინათინმა აქ შევქმენით.
მთავარი ნიშა, რომელიც თქვენს დესერტებს გამოარჩევს…
ჩვენს დესერტებს გამოარჩევს ის, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი გემოებით ჩვენთან მოსული სტუმრების ბავშვობაში დაბრუნება. „ზალა“ მათ სთავაზობს ისეთ ნამცხვრებს, რომლებსაც ადრე ჩვენი ბებიები და მშობლები აცხობდნენ. აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თითოეული პროდუქტი, რომელიც ჩვენს რესტორანში შემოდის, მოწმდება და საბოლოო კერძი ნებისმიერი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი, მისი ღირებულებიდან გამომდინარე.
თქვენ მიერ შერჩეულმა კონცეფციამ ხომ არ შეზღუდა მომხმარებელი?
ჩვენ გვსურდა „ზალა“ ყოფილიყო სალონური ტიპის რესტორანი შეხვედრებისთვის, დამღლელი დღის ბოლოს მშვიდ გარემოში განსატვირთად და კულინარიული თავგადასავლებისთვის. ამდენად, ჩვენ ნებისმიერი გემოვნებისა და ასაკის ადამიანი გვსტუმრობს და იღებს სიამოვნებას იმ გარემოდან და კერძებიდან, რაც აქ ხვდება. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბევრი ადამიანი „ზალას“ სივრცეს ირჩევს ბიზნესშეხვედრებისთვისაც, რადგან მათ აქვთ გარანტია იმისა, რომ ხარისხიან კერძებთან და განსაკუთრებულ სასმელთან ერთად, მშვიდ გარემოში გამართავენ შეხვედრას, დღის ბოლოს კი სასიამოვნო მუსიკით განიტვირთებიან.
პანდემიამ რა გავლენა იქონია თქვენს ბიზნესზე?
2019 წლის დეკემბერში დავიწყეთ რემონტი, რომელსაც ორ თვეში პანდემია მოჰყვა. ძალიან ცუდ დროს მოგვიწია განახლებული „ზალას“ გახსნა 2020 წლის ივნისში, და ოქტომბერში ისევ ჩავიკეტეთ. ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად შევინარჩუნეთ რესტორანი და ამ პერიოდში ადგილზე მიტანის სერვისი ავამუშავეთ. ყოველივე ეს ჩვენი თანამშრომლების რწმენისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია.
გვესაუბრეთ რესტორანში შემოღებულ რეგულაციებთან დაკავშირებით.
უპირველეს ყოვლისა, რეგულაციების დაცვა არის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა. „ზალა“საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენდა უნებურად არ გავხდეთ ვირუსის გავრცელების წყარო. ყოველივე ამისთვის, ჩვენი თითოეული თანამშრომელი სრულად არის აღჭურვილი და რესტორანში გვაქვს ბუნებრივი ვენტილაცია. ჩვენი დიასახლისები საათში ერთხელ ყველა სველ წერტილს ამუშავებენ, რათა თითოეულმა სტუმარმა თავი იგრძნოს უსაფრთხოდ. რაც შეეხება სტუმრებს, მათ ვუტარებთ თერმოსკრინინგს და ხელებს ვამუშავებინებთ სადეზინფექციო ხსნარით. ასევე, მსურს აღვნიშნო, რომ პანდემიამ შედეგად მოიტანა კადრების დეფიციტი, რის გამო ძალიან ბევრი დიდი რესტორანი ვეღარ იხსნება. აქედან გამომდინარე, ჩვენს რესტორანზე ამ მხრივ დიდი მოთხოვნა გაჩნდა. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, შევქმნა „ზალა აკადემია“.
რა იქნება „ზალა აკადემიას“ დანიშნულება?
სურვილი მაქვს, ჩემი 22-წლიანი გამოცდილება, რომელიც ამ სფეროში დავაგროვე, გადავცე მომავალ თაობას, რადგან ინტერესი და მოთხოვნა ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდია. ჩვენ გვექნება როგორც სარესტორნო მენეჯმენტის შესასწავლი, ისე სერვისის თანამშრომლობისა და ფინანსური მიმართულების კურსები, რადგან დღეს სარესტორნო ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია ყოველივე ამის ცოდნა. შესაბამისად, ჩვენს სტუდენტებს დეტალურად შევასწავლით მენეჯმენტს, ფინანსებსა და ბუღალტერიას. იქნება დაახლოებით 10-12-კაციანი ჯგუფები და ჩატარდება მარნის საკონფერენციო სივრცეში. პრაქტიკას გაივლიან ჩვენსავე რესტორანში და რა თქმა უნდა, წარმატებულ კურსდამთავრებულებს თავად გავუწევ რეკომენდაციას სხვადასხვა რესტორანში. ყოველივე ამით, ჩვენ დავეხმარებით ახალგაზრდა თაობას, შემოვიდნენ სარესტორნო ბიზნესში.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი
Comments